საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციას, ასევე სოციალური მუშაკის დახმარებას. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს დახმარების მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უფლება აქვთ, მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური სარეაბილიტაციო ისეთი სერვისები, როგორიცაა სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული მომსახურება, რაც მათ დაეხმარება, უსაფრთხოდ დატოვონ ძალადობრივი ურთიერთობა.
ძალადობის ზრდასრულ მსხვერპლთა სოციალური რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფით და დაფინანსებით, სახელმწიფომ აღიარა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ და უფლება აქვთ, მიიღონ სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება. გარდა ამისა, იურიდიული დახმარება მნიშვნელოვანია ძალადობისგან დროებითი დაცვის შესახებ განაცხადის მომზადებისა და წარდგენისთვის, ასევე მსხვერპლთა დასახმარებლად სისხლის სამართლის და განქორწინების პროცესის, ბავშვებთან დაკავშირებული დავების და მეუღლესთან ქონების გაყოფის სამართლიან გადაწყვეტაში.
რა სახის დახმარება შეიძლება მიიღოს მსხვერპლმა?
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს/პროგრამებს, რაც გულისხმობს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას, რომლის მიზანია მსხვერპლთა (განსაკუთრებით, მსხვერპლ ქალთა) შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებია თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგი სახის სერვისებს:
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
- სამედიცინო მომსახურება
- იურიდიული დახმარება
- 24/7 მომსახურება (24 საათიანი განთავსება)
თავშესაფარი არის ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი განთავსებულნი არიან 4 თვემდე ვადით. საქართველოში არსებული კრიზისული ცენტრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერის სერვისებს, რომლებიც ეხმარება მსხვერპლებს, თავი დააღწიონ ძალადობრივ გარემოს. ამ მიზნით, კრიზისული ცენტრი დაზარალებულებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას უწევს.
კონსულტაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 309 903.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ასევე შეუძლიათ მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიიღონ რჩევები, კონსულტაციები, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან მუნიციპალური დაწესებულებები კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს ამბობენ მსხვერპლთა დახმარებაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა.
სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის სისტემის გაუმართაობამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.
დისკრიმინაციის აკრძალვა
ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. თუ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ეფექტურ რეაგირებას ვერ მოახდენენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, მათ შორის სიცოცხლის უფლების და/ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.