ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ნებისმიერი სახის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობის შემთხვევაში, რომელიც განხორციელებულია ყოფილ ან არსებულ მეუღლეებს ან ურთიერთდაკავშირებულ სხვა პირებს შორის, ძალადობისგან დროებითი დაცვის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

დამცავი ორდერი არის მოსამართლის მიერ ადმინისტრაციული წარმოების წესით გამოცემული აქტი, რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის დაცვის დროებით ზომებს. დამცავი ორდერის გამოცემისა და სასამართლოში გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება აქვთ მსხვერპლებს, მათი ოჯახის წევრებს ან/და მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მას უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას. არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, დამცავი ორდერის გაცემა შეიძლება მოითხოვოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისმა ორგანომ. დამცავი ორდერი ძალაშია გაცემისთანავე და გამოიცემა ცხრა თვემდე ვადით.  მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას ადგენს სასამართლო.

დამცავი ორდერი და ადამიანის უფლებები

სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერი არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს მსხვერპლთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ სასამართლო არ გამოსცემს დამცავ ორდერს დროებითი დაცვის შესახებ კანონიერი საფუძვლის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებების დარღვევა.

ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. თუ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, სასამართლო) ეფექტურად ვერ უპასუხებს და არ უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, სიცოცხლის უფლების ან/და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებთან ერთად.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ რა სახის დაცვის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს სასამართლოსგან და რა პროცედურებია საჭირო დამცავი ორდერის გამოსაცემად.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023