დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის განცხადების განხილვის პროცედურას, სამოქალაქო საპროცესო დაცვის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, აქვს სპეციფიკური რეგულაციები. ვინაიდან მსხვერპლის დაცვა სათანადო ყურადღებასა და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სასამართლო განცხადებას განიხილავს სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
ვადები და პროცედურა
სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში მაღალი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართული მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის წინააღმდეგაც არის შეტანილი ეს განცხადება. პირი, რომლის წინააღმდეგაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია, წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლეს შეუძლია მხარის (არასრულწლოვანის შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით) ან საკუთარი ინიციატივით განიხილოს საქმე დახურულ სხდომაზე.
სასამართლო ასევე განიხილავს მოძალადე მშობლის (მშობლების) არასრულწლოვანთან ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნას არასრულწლოვანის მოძალადე მშობლისგან (მშობლებისგან) განცალკევების საკითხი. სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, წინასწარი ღონისძიების სახით გამოსცემს განკარგულებას მისი გამოყენებიდან 24 საათის ვადაში.
აღსრულება
დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი დგება, არანაკლებ, 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ასლი გადაეცემა მოძალადეს, მეორე - მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება გამომცემელ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის რაიონულ სამსახურს, დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი ეხება არასრულწლოვანს, ორდერის ერთი ეგზემპლარი ასევე გადაეცემა შესაბამის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს, ორდერის ასლი გადაეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას.