დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება აქვთ მსხვერპლებს, მათი ოჯახის წევრებს ან/და მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მას უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას. არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, დამცავი ორდერის გამოცემა შეიძლება მოითხოვოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისმა ორგანომ.

როგორ მოამზადოთ განაცხადი

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:

  • განცხადების წარმდგენი პირის სახელსა და გვარს;
  • განცხადების წარმდგენი პირის საცხოვრებელ მისამართს;
  • ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;
  • ინფორმაციას მოძალადის, მსხვერპლისა და მათი ურთიერთობის შესახებ;
  • მტკიცებულებათა ნუსხას;
  • განმცხადებლის ხელმოწერას.

მტკიცებულება

დამცავი ორდერის გამოსაცემად მთავარია დადასტურდეს ძალადობის ფაქტი, რომელიც დგინდება მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. დამცავი ორდერის გამოცემის განცხადებას შეიძლება დაერთოს შემდეგი მტკიცებულებები:

  • მოწმეების ჩვენებები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ძალადობის შესახებ;
  • ძალადობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინება;
  • ჯანმრთელობის ცნობა, შესაძლებლობის შემთხვევაში;
  • პოლიციის ანგარიში, შესაძლებლობის შემთხვევაში.

ძალადობის მსხვერპლმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაძლო ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან დოკუმენტი.

სად შეიტანოთ განაცხადი

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სახელმწიფო ბაჟი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლები დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადების სასამართლოში მიმართვისას თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

გასაჩივრება

თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა ის, განმცხადებელს (მსხვერპლს) შეუძლია გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023