ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არსებობისას უფლებამოსილ პოლიციელს შეუძლია დააწესოს მოძალადის ელექტრონული მეთვალყურეობა, როგორც მსხვერპლის დაცვისკენ მიმართული დროებითი ღონისძიება.

მოძალადის ელექტრონული მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მსხვერპლის დროებითი დაცვის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური რისკი. ძალადობის განმეორების საფრთხეს აფასებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკის შეფასების კითხვარის საფუძველზე. ასეთი საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის მოძალადის მიერ წარსულში შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მოძალადის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის პროცესში ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს.

ოქმი

ელექტრონული ზედამხედველობის  განხორციელების ოქმში უნდა მიეთითოს:

  • ოქმის გაცემის თარიღი და ადგილი;
  • გარემოებები, რამაც გამოიწვია ოქმის გაცემა;
  • მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;
  • ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ;
  • მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;
  • მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე;
  • იმ შემაკავებელი ორდერის დეტალები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება;
  • მოძალადის მიახლოების აკრძალვა მსხვერპლთან, მის სამუშაო და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
  • ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევის, ან/და საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობის, ან/და ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოძალადის გაფრთხილების თაობაზე ცნობა.
  • სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის  განსახორციელებლად.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი მსხვერპლი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

დრო

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის 1 ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო 1 ეგზემპლარი ამ ოქმის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის მიზნით მოძალადისთვის წარდგენილი ელექტრონული მოწყობილობა შედგება ელექტრონული სამაჯურისა და მიმღები მოწყობილობისგან. ელექტრონული მოწყობილობის დაზიანება ან განადგურება იწვევს მოძალადის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

რესურსები

ბოლო განახლებები 18/12/2023