ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, მოახდინოს ეფექტური რეაგირება და მსხვერპლი შემდგომი საფრთხისგან დაიცვას. პოლიცია პირველია, ვინც რეაგირებს ოჯახში ძალადობაზე და მას, საქართველოს კანონმდებლობით, უფლება აქვს, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
მსხვერპლის დაცვისთვის და მოძალადის ზოგიერთი მოქმედების შესაზღუდად, უფლებამოსილ პოლიციელს შეუძლია, დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
- მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
- მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
- მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
- მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;
- მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;
- ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შემაკავებელ ორდერის გამოცემა შეუძლიათ მოითხოვონ: მსხვერპლმა, ოჯახის წევრებმა ან/და მსხვერპლის თანხმობით სოციალურმა მუშაკმა, ან პირმა, რომელიც მას უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას. არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემა შეიძლება მოითხოვოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისმა ორგანომ. შემაკავებელი ორდერი ძალაშია გამოცემისთანავე და გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
შემაკავებელი ორდერი და ადამიანის უფლებები
ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. თუ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, პოლიცია) ეფექტურად ვერ უპასუხებს და არ უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, სიცოცხლის უფლების ან/და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებების დარღვევა.