ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს, მიყენებული ზიანისა და მორალური ტანჯვისთვის მიიღოს კომპენსაცია, როგორც მოძალადისგან, ასევე სახელმწიფოსგან.
მსხვერპლს, რომელსაც ძალადობის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა ან მიადგა ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადისგან მოითხოვოს კომპენსაცია, ხოლო თუ იგი ვერ მიიღებს მისგან ადეკვატურ კომპენსაციას, მსხვერპლს აქვს უფლება, კომპენსაცია მოსთხოვოს სახელმწიფოს.
კომპენსაცია, როგორც ცალკე სამოქალაქო სარჩელი
დაზარალებულს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სასამართლოს მოძალადის მიერ ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. არამატერიალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კომპენსაცია ექვემდებარება მხოლოდ ისეთ მორალურ ზიანს, რომლის ანაზღაურებაც პირდაპირ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით. მორალური ზიანის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს მოძალადის ბრალეულობის ხარისხს, დაზარალებულის განცხადებას და ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
სახელმწიფოსგან მიღებული კომპენსაცია
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უფლება აქვთ, მიიღონ სახელმწიფო გარანტირებული კომპენსაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. მსხვერპლს, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა ძალადობის შედეგად, სახელმწიფოსგან შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია. კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ ფემიციდის მსხვერპლი ქალის შვილებსაც. სახელმწიფოსგან ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზარალს დანაშაულის ჩამდენი ვერ ანაზღაურებს. დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფოსგან კომპენსაცია სასამართლოს მიერ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არის კომპენსაციის გაცემის უფლებამოსილი ორგანო. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან მისი წარმომადგენელი კომპენსაციის თხოვნით მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარით.
კომპენსაცია და ადამიანის უფლებები
მსხვერპლთა კომპენსაცია არის სათანადო ანაზღაურების ერთ-ერთი კომპონენტი იმ შემთხვევებში, როდესაც მათ განიცადეს ფიზიკური ან ემოციური ძალადობა. ამიტომ, სახელმწიფო პასუხისმგებელია, პირველ რიგში, უზრუნველყოს, რომ საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებდეს ასეთი კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას და მეორეც, უზრუნველყოს კომპენსაციის მოთხოვნის განხილვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კანონის შესაბამისად.
კომპენსაციის უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულაციების შეუსრულებლობამ ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კომპენსაციის მინიჭებაზე უარმა შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი უფლების დარღვევა.