მსხვერპლი ბავშვები

ოჯახში ძალადობის არაერთ შემთხვევაში მოძალადის აგრესიის პირდაპირი მსხვერპლები ან ძალადობის მოწმეები არიან ბავშვები. ვინაიდან ბავშვთა უფლებების დაცვა განსხვავებულ და უფრო კონკრეტულ მიდგომას მოითხოვს, ამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციებიც შესაბამისია.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, ზრდასრული მსხვერპლის მსგავსად, უფლება აქვს, ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის სერვისებით, დამნაშავეს დააკისროს პასუხისმგებლობა და მიიღოს კომპენსაცია. თუმცა, ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანის ინტერესები უნდა წარმოადგინოს მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მაგ., დოკუმენტების ხელმოწერისა და განცხადებების წარდგენისას). სასამართლო, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, იმ არასრულწლოვანის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიწვევს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვანის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვანის ინტერესებს წარმოადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს, 14 წლის ასაკიდან მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო დანიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვანი მოსარჩელე შეიძლება არ დაეთანხმოს მის საპროცესო წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევებში სასამართლო პროცესში ჩართავს  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სოციალური მუშაკები უფლებამოსილნი არიან, დაიცვან ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უზრუნველყონ მისი კანონიერი მეურვეობა და წარმომადგენლობა. ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.

ბავშვთა დაცვა და ადამიანის უფლებები

იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მისი უფლებები შეიძლება ისევე დაირღვეს, როგორც ზრდასრული მსხვერპლის შემთხვევაში.

თუ სახელმწიფო ორგანოები ვერ მიიღებენ ბავშვის დასაცავად სპეციალურად დაწესებულ შესაბამის ზომებს, შეიძლება დაირღვეს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. მაგალითად, ბავშვის განცალკევება ოჯახიდან ან სხვა მშობლისთვის მეურვეობის უფლების სათანადო გულმოდგინების გარეშე მინიჭება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მონაწილეობს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მსხვერპლი ბავშვების დასაცავად.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023