ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს გადაუდებელი დახმარება უნდა მიეწოდოს უსასყიდლოდ, რათა მან დაიბრუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და რეინტეგრაცია მოახდინოს საზოგადოებაში. ასეთი სამედიცინო მკურნალობა და რეინტეგრაცია უნდა მოხდეს ბავშვის ჯანმრთელობის, თვითშეფასებისა და პატივისცემისთვის ხელსაყრელ გარემოში, მისი ინტიმური საიდუმლოებების გულდასმით დაცვით. ნებისმიერი ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცედურების დროს გამოიყენება მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვის ზოგადი წესები.
დაუშვებელია მსხვერპლი ბავშვი:
- დარჩეს მარტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად ბავშვს სურს და ამ არჩევანს მიზანშეწონილად მიიჩნევს ფსიქოლოგი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვებთან მუშაობისთვის;
- დარჩეს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის მზრუნველობის გარეშე;
- დაუპირისპირდეს მოძალადეს, როცა ბავშვი ფსიქოლოგიურად არ არის საკმარისად მომზადებული ასეთი დაპირისპირებისთვის;
- დაექვემდებაროს ნებისმიერი იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ინფორმაციის მოპოვების ან სხვა მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ ბავშვის მოძალადე მშობლებისგან განცალკევებას, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, არამედ ითვალისწინებს ძალადობის მიღმა შემთხვევებსაც, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი არ აქვს ბავშვის მიმართ ძალადობას, ოჯახში ცხოვრება ზიანს აყენებს მის ინტერესებს.