იმ ვითარებაში, როდესაც ბავშვს საფრთხე ემუქრება მისი კანონიერი წარმომადგენლების - მშობლების ან მეურვის მიერ და, შესაბამისად, მოძალადის წინააღმდეგ ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს არავინ წარმოადგენს, ბავშვი შეიძლება განცალკევდეს ოჯახიდან, თუ შეუძლებელია რისკის აღმოფხვრა, სანამ ის ოჯახში რჩება.
ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით შუამდგომლობას წარუდგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ.
თუ ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე ექმნება, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და 24 საათის განმავლობაში თანხმობის მისაღებად შესაბამისი შუამდგომლობა წარუდგინოს სასამართლოს. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა უნდა მოიცავდეს აუცილებელ დასაბუთებას ბავშვის მშობლისგან დაუყოვნებლივი განცალკევების შესახებ. საფრთხის შეფასებაში მონაწილეობს პოლიციის თანამშრომელი, რომლის დადებითი ან უარყოფითი მოსაზრება ფიქსირდება შესაბამის ოქმში.