რა არის ოჯახში ძალადობა?

ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქმედება ერთ ოჯახში ან ინტიმურ ურთიერთობაში. უმეტესად, ოჯახური ძალადობა უფრო მეტად მიემართება ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

ოჯახური ძალადობა არის ნებისმიერი ფიზიკური, სექსუალური, სიტყვიერი, ემოციური ან ეკონომიკური ძალადობის აქტი მოქმედ თუ ყოფილ მეუღლეებს, არარეგისტრირებულ ურთიერთობაში მყოფ მოქმედ ან ყოფილ პარტნიორებს, პირველი რიგის ნათესავებსა (ბავშვები და მშობლები) თუ მეორე რიგის ნათესავებს (შვილიშვილები, ბებია-ბაბუა, დები და ძმები) შორის.

ოჯახში ძალადობა და დისკრიმინაცია

იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პროპორციულად უფრო მეტი ქალია, ვიდრე კაცი, ის მიიჩნევა ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად. ოჯახში ძალადობა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ინტერპერსონალური ურთიერთობა, სადაც, ძირითადად, ქალები განიცდიან ძალადობას, არამედ მისი უფრო ფართო კონტექსტში განხილვაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობა წახალისებულია დისკრიმინაციის სხვა ფორმებით, რომლებსაც ქალები აწყდებიან შრომის ბაზარზე, საჯარო სივრცეში, მედიაში და ა.შ.

ოჯახში ძალადობის განსაკუთრებული ხასიათი

ოჯახში ძალადობა არის ფიზიკური, სექსუალური, სიტყვიერი, ემოციური ან ეკონომიკური ძალადობის ციკლი, რომელიც, როგორც წესი, მსხვერპლზე ძალაუფლების, კონტროლისა და ავტორიტეტის მოპოვების მიზნით ხორციელდება პარტნიორის (ქმარი ან მეგობარი ბიჭი) ან სხვა ნათესავის (ზრდასრული ბავშვი და ა.შ.) მიერ. 

მსხვერპლზე ძალაუფლება და კონტროლი ოჯახში ძალადობის განსაკუთრებული მახასიათებელია, რაც განასხვავებს მას ძალადობის სხვა აქტებისაგან. იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა უსაფრთხოდ დატოვოს ძალადობრივი გარემო, საჭიროა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის ფენომენის გაგება, არამედ ძალადობიდან უსაფრთხოდ თავის დაღწევის სტრატეგიების შექმნა და გარანტირებული დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში განმარტებულია, თუ როგორ ამოვიცნოთ ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023