ოჯახში ძალადობის ნებისმიერმა აქტმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ უფლებებს შორისაა სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და სხვა.
ქვემოთ ჩამოთვლილია ადამიანის უფლებები, რომლებიც შეიძლება დაირღვეს ოჯახში ძალადობის შედეგად.
სიცოცხლის უფლება
ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას იგი. იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმეს სიცოცხლეს რეალური და უშუალო საფრთხე ემუქრება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო და გონივრული ზომა ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, რაც მოიცავს როგორც პირველად რეაგირებას, ასევე სტრუქტურულ დახმარებას. მას ასევე აქვს ვალდებულება, გამოიძიოს სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერი შემთხვევა და მიიღოს აუცილებელი ზომები. თუ პირის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ოჯახში ძალადობის შედეგად, მაგრამ შესაბამისმა ორგანოებმა, როგორიცაა პოლიცია ან სასამართლო, ვერ მიიღეს ეფექტური ზომები, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების დარღვევა.
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
ყველას აქვს უფლება, მოეპყრონ ღირსეულად და ჰუმანურად. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი და სტრუქტურირებული დამცავი ზომები არაჰუმანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისას და გამოიძიოს ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ასეთი მოპყრობა განხორციელდება კერძო პირების მიერ. როგორც აქტიური დაცვის, ისე გამოძიების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. ოჯახში ძალადობის ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობად ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ფიზიკური არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა, გატაცება, თვალთვალი და თავდასხმის მუქარა.
თუმცა იმისთვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად ან დამამცირებლად, ტანჯვამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს. შეფასებისას, მიღწეულია თუ არა ასეთი სიმძიმე, მხედველობაში მიიღება ისეთი გარემოებები, როგორიცაა სიტუაციის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტები, მსხვერპლის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში, ეს კრიტერიუმები ფასდება ერთიანად.
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
ყველას აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს აუცილებელი დამცავი ზომები იმისათვის, რომ პირებმა შეძლონ პირადი და ოჯახური ცხოვრებით სარგებლობა. ოჯახში ძალადობრივმა ქმედებებმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს ადამიანები ოჯახური ცხოვრებით მშვიდობიანად ტკბობისგან და გამოიწვიოს მათი მუდმივი სტრესი და შფოთვა. თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვერ მიიღებენ აუცილებელ დამცავ ზომებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყოს. თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი აღიარებულია დაზარალებულად, სისხლის სამართლის პროცესში მას აქვს მთელი რიგი უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია სამართლიან სასამართლოსთან. მაგალითად, გარკვეულ პირობებში, მას აქვს უფასო იურიდიული დახმარების მიღების უფლება. თუ სახელმწიფოს მიერ მსხვერპლთა მიმართ სამართლიანი სასამართლოს გარანტიების შეუსრულებლობამ გამოიწვია მსხვერპლთათვის უსამართლო პროცესი, ამას შეიძლება მოჰყვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
ოჯახში ძალადობის შემთხვევები შეიძლება მოიცავდეს სამოქალაქო დავასაც. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებები.
დისკრიმინაციის აკრძალვა
ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. ქალთა მიმართ ძალადობა არის გენდერული ძალადობის ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორის იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულად აფერხებს ქალებს, გამოიყენონ თავიანთი უფლებები მამაკაცებთან თანაბარ პირობებში. საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენები და პრაქტიკა გენდერულ ძალადობას იყენებს, როგორც ქალების კონტროლის ფორმას.
ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ, მათ შორის ძალადობის შესახებ სამართლებრივი ბაზის არარსებობამ ან ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირების შესახებ არსებული კანონის გამოუყენებლობამ ან მსხვერპლთათვის სათანადო კომპენსაციის მიღებაზე უარმა, შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებების დარღვევასთან ერთად.