თუ არ ეთანხმებით სახელმწიფო დაწესებულების მიერ დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, თქვენ შეგიძლიათ მისი გასაჩივრება. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგიბარონ სასამართლოში იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვისას, რომლის ჩადენასაც გედავებიან.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება
თუ თქვენს წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ნიშნავს რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი, თუმცა ეს არ არის იმდენად სერიოზული ქმედება, რომ მან გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მაგალითი მაგალითად, პოლიციამ შესაძლოა დაგაჯარიმოთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან შემოსავლების სამსახურმა მცირე გადასახადის გადაუხდელობისთვის.
თქვენი საქმე განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების წესით, რაც შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პროცესის მსგავსი. თუმცა, ამან არ უნდა შეგაშინოთ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განსხვავდება სისხლის სამართლის ქმედებისგან და მისთვის დაწესებული პასუხისმგებლობაც შედარებით მსუბუქია.
გასაჩივრება ან გამოძახება სასამართლოში
არსებობს ორი შემთხვევა, რა დროსაც შეიძლება ჩაერთოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებაში:
1. გსურთ ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრება.
თუ არ ეთანხმებით სახელმწიფო დაწესებულების მიერ თქვენთვის დაწესებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შეგიძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების წესით. ამისათვის ჯერ უნდა დაიცვათ საჩივრების წარდგენის პროცედურა.
2. სასამართლოში საქმის განხილვა.
ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უშუალოდ სასამართლომ უნდა განიხილოს, რა დროსაც სახელმწიფო დაწესებულება თქვენს საქმეს გადასცემს სასამართლოს. თავის მხრივ, სასამართლო დაგიბარებთ პროცესში მონაწილეობის მისაღებად. თუ სასამართლო განხილვის შემდეგ არ ეთანხმებით შედეგს, გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლიათ ზედა ინსტანციის სასამართლოში. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
ფუნდამენტურ უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც თქვენ გაქვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისას, ეწოდება სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებითი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის კუთხით, მაინც არსებობს მთელი რიგი გარანტიები, რომლებიც ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებაზე. ეს გარანტიები მოიცავს თანასწორობას, ადვოკატის აყვანის უფლებას, საჯარო განხილვას, მტკიცებულებების მიუკერძოებელ და ობიექტურ შეფასებას, დაცვისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას. თუმცა, სისხლის სამართლის საქმისგან განსხვავებით, ზოგიერთი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებად მკაცრად. თითოეული შემთხვევისთვის მოქმედი სტანდარტი დამოკიდებული იქნება ქმედებისა და პასუხისმგებლობის ზომის სიმძიმეზე.
მაგალითი თუ თქვენ დაგეკისრათ სახდელი საჯარო ადგილას თამბაქოს მოწევისთვის და მოითხოვთ ზეპირ მოსმენას სასამართლოში, სასამართლოს აქვს მეტი თავისუფლება გადაწყვიტოს, ასეთი მოსმენის საჭიროება, იმ შემთხვევასთან განსხვავებით, როდესაც განიხილავს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საქმეს.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ამ ნაწილში განმარტებულია თუ რა გარანტიები გაქვთ სასამართლოს მიერ თქვენი საქმის განხილვისას.
შეიტყვეთ მეტი იმ უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლებიც გარანტიას მოგცემთ სამართლიან მართლმსაჯულებაზე და ასევე გაეცანით ინფორმაციას გასაჩივრების პროცედურების შესახებ.