ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის, უნდა დაიცვათ შესაბამისი პროცედურა.
პირველადი გადაწყვეტილება
საქმეს განიხილავს ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია იმ ტიპის დარღვევაზე, რომლის გამოც დაგეკისრათ სახდელი. სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულება გამოიტანს გადაწყვეტილებას და შესაძლოა გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომა - სახდელი.
სახდელის მინიმალური სახე არის გაფრთხილება, ხოლო ყველაზე მძიმე ტიპის სახდელია 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
გასაჩივრება ზემდგომ თანამდებობის პირთან
ზოგადად, თუ არ ეთანხმებით და გსურთ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება, ჯერ უნდა მიმართოთ იმავე სახელმწიფო დაწესებულების ზემდგომ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, უნდა დაიცვათ გასაჩივრების პროცედურა და გადაწყვეტილებაში მითითებული ვადები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს გასაჩივრების კონკრეტულ პროცედურებს სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით.
გასაჩივრება სასამართლოში
თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით ზემდგომი თანამდებობის პირის ან დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში.
მაგალითი თუ დაგეკისრათ სახდელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, თქვენს საქმეს თავდაპირველად პოლიცია განიხილავს, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს თქვენი დაჯარიმება. თუ არ ეთანხმებით ჯარიმას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ იგი პოლიციის განყოფილების უფროსთან. პოლიციის გადაწყვეტილებაში წერილობით უნდა იყოს მითითებული სად და რამდენი დრო გაქვთ გასაჩივრებისთვის. თუ ამ გადაწყვეტილებას კვლავ არ ეთანხმებით, მისი გასაჩივრება შეგიძლიათ სასამართლოში.