ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს ზედა ინსტანციის სასამართლოებში. ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისას გასაჩივრების მხოლოდ ერთი ეტაპი არსებობს.
ზოგადად, ადამიანის უფლებები არ ითვალისწინებს გასაჩივრების უფლებას ყველა საქმეში და ყველა დავაში. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას გაძლევთ თითქმის ყველა შემთხვევაში გაასაჩივროთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ზედა ინსტანციის სასამართლოებმა გასაჩივრების ყველა ეტაპზე უნდა დაიცვან სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები და გარანტიები.
სააპელაციო სასამართლო ან უმაღლესი სასამართლო
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ – სააპელაციო სასამართლოში. განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილება, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს. (სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს თქვენი საქმის ფაქტებს, მაგრამ აფასებს კანონის სწორად გამოყენებას.) ზოგადად თქვენი უფლებები და მოვალეობები სააპელაციო სასამართლოში იგივეა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რა საკითხებზე მიმდინარეობს საქმის განხილვა, ზოგიერთი უფლება (როგორიცაა ზეპირი მოსმენის მოთხოვნა ან სხდომაზე დასწრების უფლება) შეიძლება უფრო შეზღუდული იყოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.