თქვენს საკანში უნდა იყოს საკმარისი ადგილი მასში მყოფი ადამიანების რაოდენობისთვის. გადატვირთულობამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სტრესი და შეზღუდოს თქვენი გადაადგილება საკანში. ამიტომ ციხის ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ საკანში თითოეული ადამიანისთვის საკმარისი ადგილია.
სივრცის კონკრეტული ზომა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენთვის, ზუსტად არ არის განსაზღვრული. ეს დამოკიდებულია სივრცის ხარისხზე და იმ დროზე, რომელიც უნდა გაატაროთ საკანში.
მაგალითი თუ დღის უმეტესი ნაწილის საკანში გატარება გიწევთ, თქვენ უნდა მოთავსდეთ უფრო დიდ და უკეთესი ხარისხის საკანში, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა დღის განმავლობაში სხვა შენობის გამოყენებაც შეგიძლიათ და მხოლოდ ღამეს ატარებთ საკანში.
სივრცე
არსებობს გარკვეული მინიმალური სტანდარტები, რომლებიც ციხის ადმინისტრაციამ უნდა დაიცვას:
- მინიმალური ფართი არ შეიძლება იყოს 4 მ2-ზე ნაკლები;
- თქვენს საცხოვრებელ ადგილს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს დღის განათებას. გათბობა და ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი თქვენი საცხოვრებელი ფართისთვის.
სივრცე, რომელიც გაქვთ საკანში, განისაზღვრება საკნის ზომის გაყოფით მასში მყოფი ადამიანების რაოდენობაზე.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
გადატვირთულ საკანში ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენ მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. თუმცა ზეგავლენამ, რომელსაც გადატვირთულობა ტოვებს თქვენს ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე, უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ მინიმალურ დონეს. მცირე და ხანმოკლე გადახრები არ გამოიწვევს თქვენი უფლებების დარღვევას.
მაგალითი თუ ორი დღის განმავლობაში მოთავსდებით 4 მ2-ზე პატარა საკანში, ეს, სავარაუდოდ, არ დაარღვევს თქვენს უფლებებს. თუმცა, თუ იძულებული გახდებით, 6 თვის განმავლობაში ორ სხვა თანაპატიმართან ერთად იცხოვროთ ცუდად ვენტილირებულ, ბნელ და 10 მ2 საკანში, ეს, დიდი ალბათობით, თქვენი უფლებების დარღვევა იქნება.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ ციხის ადმინისტრაციას. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.