თქვენ უნდა შეგეძლოთ ციხიდან დაუკავშირდეთ სასამართლოებს, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა გაეცნოთ თქვენს უფლებებს, წარადგინოთ საჩივარი, ან ამცნოთ თქვენი უფლებების დარღვევების შესახებ. ეს კორესპონდენცია არ უნდა ექვემდებარებოდეს შინაარსობრივ მონიტორინგს ან ცენზურას და უნდა იგზავნებოდეს უფასოდ.
კომუნიკაცია უფასოა
ნებისმიერ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ უნდა გაუგზავნოს წერილები შემდეგ დაწესებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ან/და პარლამენტის წევრები
- ნებისმიერი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც აღიარებულია საქართველოს პარლამენტის მიერ კონკრეტული კონვენციის რატიფიცირების საფუძველზე
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
- სახალხო დამცველის ოფისი
- პროკურატურა
- სასამართლო
- სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია/სახელმწიფო ორგანო ან უწყება
- საელჩოები ან საკონსულოები, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხართ
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, თქვენ საფასურს იხდით მხოლოდ პირადი კორესპონდენციის გასაგზავნად, ხოლო სახელმწიფო უწყებებთან თქვენი კორესპონდენციის გაგზავნა ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს უფასოდ.
შეზღუდვები და მონიტორინგი
მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციას შეუძლია გააკონტროლოს და ზოგიერთ შემთხვევაში, გააუქმოს თქვენი კორესპონდენციის გაგზავნა, ეს რეგულაცია არ ვრცელდება ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფო უწყებებზე, ხელისუფლებაზე ან უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ციხის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, გააუქმოს ან გააკონტროლოს თქვენი მიმოწერა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებთან.
მაგალითი თუ თქვენი წერილი მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე, ციხის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, გააკონტროლოს მიმოწერა ან გააუქმოს გაგზავნა.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
კონფიდენციალურობა და მიმოწერის თავისუფლება
თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თქვენს მიმოწერაზე უკანონოდ განხორციელდა მონიტორინგი ან შეზღუდვა, ეს გამოიწვევს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას.
სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეფექტური საშუალება
გარკვეულ ვითარებაში, თუ თქვენი წერილი ცენზურას დაექვემდებარა ან დაგვიანდა და, შესაბამისად, ვერ შეძელით სასამართლოში ან სხვა დაწესებულებაში თქვენი უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრის გაგზავნა, შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლება სამართლიანი სასამართლოს ან სათანადო დაცვის შესახებ.
როგორ იჩივლოთ
თუ თვლით, რომ თქვენი კორესპონდენცია უკანონო მონიტორინგს ან შეზღუდვას დაექვემდებარა, ეს პირველ ეტაპზე სამსახურის ფარგლებში უნდა გაასაჩივროთ, ხოლო შემდეგ კი სასამართლოში. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურის შესახებ.