ციხის ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით ან დისციპლინური ღონისძიების სახით. ეს შეზღუდვები უნდა იყოს მხოლოდ გარკვეული დროით. მათ არ შეუძლიათ მთლიანად აგიკრძალონ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. ასეთ შემთხვევებში უნდა გამოიცეს ცალკე წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს შეზღუდვის მიზეზებს, ხანგრძლივობას და გასაჩივრების შესაძლებლობას.
პროპორციულობა
გარკვეულ შემთხვევებში, თუ თქვენ გეკრძალებათ წერილის გაგზავნა ან დარეკვა საპატიო მიზეზის გარეშე, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ხოლო როდესაც აკრძალვის გამო ვერ უკავშირდებით თქვენს ადვოკატს - სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.
მაშინაც კი, თუ კომუნიკაციის შეზღუდვა არის კანონიერი და დასაბუთებული, თქვენი უფლებები მაინც შეიძლება დაირღვეს, თუ შეზღუდვები არ არის თქვენი მდგომარეობის პროპორციული. იმისათვის, რომ შეფასდეს, იყო თუ არა დარღვევა, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
- აკრძალვის ხანგრძლივობა
- იყო თუ არა გადაუდებელი შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა თქვენს კომუნიკაციას ციხის გარეთ მყოფ ადამიანებთან
- იყო თუ არა გარე სამყაროსთან დაკავშირების სხვა შესაბამისი გზები და ა.შ.
მაგალითი თუ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება არ გქონდათ, მაგრამ მაინც შეგეძლოთ ოჯახთან კომუნიკაცია წერილობით, ეს შეიძლება არ იყოს მიჩნეული თქვენი უფლებების დარღვევად.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მიმოწერა იზღუდება ყოველგვარი ინდივიდუალური შეფასების ან საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, ან შეზღუდვები ძალიან მკაცრია თქვენი მდგომარეობისთვის, ამის შესახებ პირველ რიგში უნდა მიმართოთ დაწესებულების დირექტორს, შემდეგ ეტაპებზე კი - სასამართლოს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.