ციხეში ყოფნისას, საჭიროების მიხედვით, უნდა გქონდეს ექიმთან მისვლის საშუალება. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, შეგეძლოთ მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს.
წვდომა ზედმეტი შეფერხების გარეშე
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ექიმთან მისვლა ყველა შემთხვევაში ზედმეტი დაგვიანების გარეშე უნდა შეძლოთ. გადაუდებელ სიტუაციებში აუცილებელია ექიმის გამოძახება, რაც შეიძლება მალე. ხოლო თუ გადაუდებელი სიტუაცია არაა, შეიძლება მოხდეს გარკვეული შეფერხება ექიმის სამუშაო საათების, სხვა პაციენტების რაოდენობისა და სხვა გარემოებების მიხედვით.
მაგალითი თუ გსურთ ექიმთან მისვლა მხედველობის მდგომარეობის გადამოწმების გამო, შესაძლოა ეს დაუყოვნებლივ არ იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ ექიმი.
ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება
პირველადი გამოკვლევა
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ციხეში პირველად მისვლის 24 საათის განმავლობაში უნდა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ნახოთ, გჭირდებათ თუ არა სამედიცინო დახმარება და მეორეც, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესვლისთანავე აღიწეროს, რათა მოგვიანებით შესაძლებელი იყოს, შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობა ხომ არ გაუარესებულა ციხეში ყოფნისას.
პირველადი ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმები ითხოვენ ზოგად ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რასაც ისინი წერენ თქვენს სამედიცინო საქმეში. თუ ექიმი გამოავლენს რაიმე ფიზიკურ დაზიანებას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამოძიებას. თქვენ უნდა გქონდეთ უფლება, რომ შეხვდეთ ექიმს მარტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაცვის მიზნით კონკრეტული ვიზიტის დროს სხვა შესაბამისი პირების ყოფნა აუცილებელია.
ჯანმრთელობის ყოველწლიური შემოწმება
საქართველოს პატიმრობის კოდექსი ითვალისწინებს, რომ ექიმი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარება უნდა მიიღოთ უფასოდ.
ჯანმრთელობის შემოწმება კონფლიქტის შემდეგ
თქვენ ასევე უნდა გნახოთ ექიმმა, თუ გახდით ძალადობრივი კონფლიქტის მონაწილე ან თუ ციხის თანამშრომლებმა თქვენ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. რეგულარული შემოწმების ან სხვა ვიზიტების დროს ციხის ექიმი ვალდებულია, გაითვალისწინოს, ჩაიწეროს და შეატყობინოს ციხის ადმინისტრაციას ძალადობის ნებისმიერი ნიშნის შესახებ.
მაგალითი თუ სახეზე გაქვთ სისხლჩაქცევები და თვლით, რომ თქვენს მიმართ ძალა გამოიყენეს, ციხის ექიმმა უნდა ჩაინიშნოს ეს თქვენს საქმეში და შეატყობინოს ციხის ადმინისტრაციას.
სამარტოო საკანი
ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, აცნობოს სამედიცინო პერსონალს თქვენი სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში ყოფნისას უნდა იყოთ ექიმის მუდმივი და სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ. ცალკეულ შემთხვევებში სამარტოო საკანში მოთავსების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის რეკომენდაციით.
სამედიცინო მომსახურების ხარისხი
სასჯელის მოხდის დროს თუ თქვენ გახდით ავად, დაშავდით ან გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, უნდა მიიღოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მკურნალობა, რომელსაც თქვენ მიიღებთ, უნდა იყოს საფუძვლიანი, ეფექტური და დაიცვას უსაფრთხოებისა და ხარისხის იგივე სტანდარტები, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში არსებობს.
ციხის გარეთ სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომა
ზოგადად, ციხეში თქვენ გექნებათ ექიმსა და ძირითად სამედიცინო სერვისებზე წვდომა. თუმცა, თუ თქვენ დაგჭირდებათ სამედიცინო მკურნალობა, რაც სცილდება ციხის ექიმისა ან ადგილობრივი საავადმყოფოს კომპეტენციას, უნდა გადაგიყვანონ ზოგად სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ციხის ექიმი წყვეტს, საჭიროა თუ არა ციხის გარეთ ექიმთან ან საავადმყოფოში გადაყვანა.
რა უფლებები შეიძლება დარღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
თუ არ გეძლევათ ექიმთან მისვლის უფლება ან დაგიგვიანეს სამედიცინო დახმარება, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში - წამებაც კი.
თუმცა იმისთვის, რომ ჩაითვალოს არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობად ან თუნდაც წამებად, სამედიცინო დახმარების არარსებობის ან არასათანადო სამედიცინო დახმარების ეფექტი თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე საკმარისად მძიმე უნდა იყოს.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
სიცოცხლის უფლება
თუ პატიმარი აუცილებელი სამედიცინო დახმარების არარსებობის ან არაადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევის გამო გარდაიცვალა, ეს იქნება მისი სიცოცხლის უფლების დარღვევა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.
როგორ გაასაჩივროთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი. საქართველოს კანონმდებლობა საჩივრების განსხვავებულ მექანიზმს გვთავაზობს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.