რას მოიცავს ჰუმანური და ღირსეული მოპყრობის მოვალეობა და როგორ შევაფასოთ, იყო თუ არა დარღვევა?
ყველას აქვს ჰუმანური და ღირსეული მოპყრობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები არა მხოლოდ უნდა მოერიდონ თქვენთან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, არამედ აქტიურად უნდა დაიცვან და გამოიძიონ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ასეთი მოპყრობა განხორციელდა სხვის მიერ.
შეიტყვეთ მეტი:
გარკვეულმა პირობებმა საპატიმრო დაწესებულებაში ან ციხეში (როგორიცაა თქვენს საკანში არსებული პირობები, მაგ. განათება და ხალხის რაოდენობა) ან სახელმწიფო თანამდებობის პირების ქმედებებმა (როგორიცაა ძალის გამოყენება ან სხეულის ჩხრეკა), შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილი. ადამიანის უფლებები უკრძალავს სახელმწიფო ინსტიტუტებს ან თანამდებობის პირებს თქვენთვის ტანჯვის მოყენებას ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. ამას ჰქვია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან ყველაზე მძიმე შემთხვევებში – წამების აკრძალვა.
თქვენი უფლებების გარკვეული შეზღუდვები არ გამოიწვევს მყისიერ ტანჯვას.
მაგალითი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ უფლება, საკანში გქონდეთ ადეკვატური განათება, დღისით ჩამქრალი განათება არ შეგიქმნით დიდ დისკომფორტს. თუმცა ოთხი თვის განმავლობაში ნახევრად ბნელმა ოთახმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი ემოციური კეთილდღეობა და/ან მხედველობა.
ქმედება რომ ჩაითვალოს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობად ან წამებად, მისგან მოყენებულმა ტანჯვამ გარკვეულ მინიმალურ დონეს უნდა მიაღწიოს. უბრალო დისკომფორტი, თუნდაც ის გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ ჩაითვლება არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობად. ამიტომ, უნდა შეფასდეს, კონკრეტული ქმედება იყო თუ არა იმდენად მძიმე, რომ შედეგად დაირღვა თქვენი უფლებები.
შემთხვევები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურად ან დამამცირებელ მოპყრობად, შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული იყოს. სიტუაცია, რომელიც ერთი ადამიანისთვის სრულიად ნორმალურია, შეიძლება მეორისთვის დამამცირებელი იყოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური სიტუაციის ცალ-ცალკე შეფასება. ასეთ დროს გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.
მაგალითი მაგალითად, ცივ საკანში გარკვეული დროის განმავლობაში ყოფნამ შეიძლება მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანში; თუმცა ცივ ტემპერატურაზე ხანგრძლივმა პერიოდმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ავადმყოფ ხანდაზმულს.
[მაგალითი] საკვებად ხორცის მიწოდებამ არ უნდა გამოიწვიოს პატიმრის დამცირება. ხორცის ჭამის იძულება პიროვნებისთვის რომლის რელიგიური მრწამსი კრძალავს ამას, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ დაარღვევს მისი რელიგიის თავისუფლებას, არამედ გამოიწვევს დამცირებასა და მორალურ ტანჯვასაც.
- მოპყრობის პირობები და შედეგები
მაგალითი თუ ფიზიკური ჩხრეკა ჩატარდება გაურკვეველი მიზეზების გამო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, პირად სივრცეში, იმავე სქესის ოფიცრის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაირღვეს ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა. თუმცა, თუ ასეთი ჩხრეკა ყოველ დღე, ერთი თვის განმავლობაში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საპირისპირო სქესის მიერ ჩატარდება, დიდი ალბათობით, ეს იქნება დამამცირებელი მოპყრობა. ანალოგიურად, თუ სრული ჩხრეკა ჩატარდება ერთხელ, მაგრამ საჯაროდ, ესეც, დიდი ალბათობით, ჩაითვლება დარღვევად.
- მოპყრობის ხანგრძლივობა და სიხშირე
მაგალითი თუ ორი ადამიანი იზიარებს პატარა საკანს, რომელშიც მხოლოდ ორი საწოლია განთავსებული, მაგრამ მათ მაინც აქვთ წვდომა უფრო დიდ საერთო ოთახზე, სადაც დღის უმეტესი ნაწილის გატარების შესაძლებლობა აქვთ, ეს არ დაარღვევს არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას. თუმცა, თუ ეს ადამიანები იძულებულნი არიან, დღე-ღამეში 23 საათი დიდი ხნის განმავლობაში გაატარონ საკანში, სადაც არ არის ადგილი დასაჯდომად ან რამდენიმე ნაბიჯის გადასადგმელადაც კი, ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გონებრივი და ფიზიკური ტანჯვა.
არსებობს მკაცრი რეგულაციები ძალის ნებისმიერი გამოყენებისას. ძალა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან წესრიგის უზრუნველსაყოფად მკაცრად განსაზღვრულ საჭიროების შემთხვევაში. წაიკითხეთ მეტი ძალის გამოყენების შესახებ.
ზოგადად, ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც არ არის აუცილებელი, ჩაითვლება არაადამიანური მოპყრობის ან თუნდაც წამების აკრძალვის დარღვევად. მსუბუქი ფიზიკური ძალის გამოყენებამაც კი შეიძლება დაარღვიოს ადამიანის უფლებები, თუ ეს ლახავს ადამიანის ღირსებას.
იმის შესაფასებლად, დაირღვა თუ არა პირის უფლებები ძალის გამოყენებით, გარდა ზემოთ მოყვანილი ზოგადი კრიტერიუმებისა, ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს დაკავებულის ან პატიმრის ქცევის ხასიათი, საფრთხის დონე და იყო თუ არა პროპორციული მის წინააღმდეგ გამოყენებული ზომები.
მაგალითი ხელბორკილებიანი დაკავებულის ან პატიმრის ცემა, თუ ის ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება გადაყვანას, დაარღვევს არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას. თუმცა სხვა პატიმართან ფიზიკურ ჩხუბში მყოფი პატიმრის შებოჭვა და ხელბორკილების დადება, დიდი ალბათობით, არ დაარღვევს არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას.
წაიკითხეთ მეტი სიცოცხლის უფლების შესახებ.
ციხის ადმინისტრაცია ან სხვა შესაბამისი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თქვენს დაკავებაზე, ასევე ვალდებულნი არიან, აღკვეთონ და სათანადოდ გამოიძიონ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ციხის ადმინისტრაციის, თანამშრომლების ან სხვა პატიმრების ქცევა თქვენს მიმართ შეიცავს არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ნიშნებს. სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოიძიოს თქვენი საჩივრები არასათანადო მოპყრობის ან არაადამიანური პირობების შესახებ და თავიდან აიცილოს ისინი მომავალში. თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, ჩაითვლება, რომ სახელმწიფომ დაარღვია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.