ამ შემთხვევაში თქვენ უნდა წარადგინოთ საჩივარი სპეციალურ დაწესებულებებში, რომლებიც ისეთი კონკრეტული ტიპის საჩივრების განსახილველად შეიქმნა, როგორიცაა დანაშაულის გამოძიება ან სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება.
საჩივარს ამ სპეციალურ დაწესებულებებში წარადგენთ მაშინ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია არ ჩაითვლება საკმარისად კვალიფიციურად ან დამოუკიდებლად თქვენი საჩივრის განსახილველად.
ზოგადი პროცედურების ყველაზე გავრცელებული გამონაკლისებია:
თუ თანაპატიმარმა თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინა, ამას გამოიკვლევს გამომძიებელი, რომელიც, ჩვეულებრივ, არის გენერალური ინსპექციის, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. გამოძიება წარიმართება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გააფრთხილოთ ციხის პერსონალი ან დეპარტამენტის დირექტორი. მათ ეს ინფორმაცია შემდგომში უნდა გადასცენ პასუხისმგებელ თანამდებობის პირს ან გამომძიებელს.
თუ თქვენ ძალადობრივ კონფლიქტში შეხვედით ციხის თანამშრომლებთან, ამას, დიდი ალბათობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. თქვენ პირდაპირ უნდა მიმართოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ან საჩივარი წარუდგინოთ დაწესებულების დირექტორს. მან უნდა გადააგზავნოს თქვენი განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
თუ სხვა პატიმარი ჩაიდენს თქვენ მიმართ დანაშაულს და ფიქრობთ, რომ დანაშაული სათანადოდ არ არის გამოძიებული შესაბამისი ორგანოს მიერ - იგულისხმება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, როცა უნდა დაწყებულიყო ან გამოძიება არაეფექტური ან შეუსაბამოა - ამის შესახებ უნდა მიმართოთ პროკურორს.
ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს ან ძალადობას სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. თუ ფიქრობთ, რომ დანაშაული სათანადოდ არ არის გამოძიებული, ამის შესახებ უნდა მიმართოთ ზედამხედველ პროკურორს.
თუ არ იცით, რომელ პროკურორს მიმართოთ, ზოგადად მიმართეთ პროკურატურას. თქვენი საჩივარი გადაეგზავნება პროკურატურის შესაბამის თანამდებობის პირს.
თუ თვლით, რომ თქვენთვის გაწეული სამედიცინო დახმარება არასაკმარისი ან შეუსაბამო იყო ან ექიმმა სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, უნდა მიმართოთ დაწესებულების დირექტორს ან პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. გარდა ამისა, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი განცხადება/საჩივარი წარადგინოთ სახალხო დამცველის ოფისში ან სასამართლოში.
თუ თქვენ დასაქმებული ხართ ციხეში, დასაქმებასთან დაკავშირებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას.
თუ თქვენ გაძლევენ ცუდი ხარისხის საკვებს (მაგალითად, ვადაგასული პროდუქცია ან არასწორად მომზადებული კერძი და ა.შ.), ან პორციები ძალიან მცირეა, ჯერ უნდა მიმართოთ დაწესებულების დირექტორს.
თუ დაწესებულების დირექტორი არ ან ვერ გადაჭრის პრობლემას, შეგიძლიათ შემდგომ მიმართოთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის ოფისს ან სასამართლოს.