სამარტოო საკანში მოთავსება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელია. ამიტომ, პროცედურა და პირობები, მათ შორის დისციპლინური დარღვევა, რომლის მიმართაც შესაძლებელია მისი გამოყენება, კანონით უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მთლიანად აკრძალული ადამიანის უფლებებით, სახდელის სახით სამარტოო პატიმრობის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს.
მიზეზები
თქვენ სამარტოო საკანში შეიძლება მოგათავსონ მხოლოდ ციხის შიდა წესების სერიოზული ან განმეორებითი დარღვევის გამო.
ხანგრძლივობა და პროცედურა
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, სამარტოო საკანში მოთავსება შესაძლოა, მაქსიმუმ 14 დღით. სამარტოო საკანში მოთავსების დრო ავტომატურად არ შეიძლება გაგრძელდეს. სამარტოო პატიმრობის დამატებითი ვადა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განმეორებით მძიმედ დაარღვევთ ციხის წესებს. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით განხორციელდება დამატებითი სათანადო დისციპლინური წარმოება.
სამარტოო საკანში განთავსების პროცედურა ძალიან მკაცრად უნდა იყოს დაცული. წაიკითხეთ მეტი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ.
დაცვის საშუალებები
ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, რაც შეიძლება მალე აცნობოს სამედიცინო პერსონალს თქვენი სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში ყოფნისას თქვენ უნდა იყოთ მუდმივი და განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენი სამარტოო საკანში მოთავსების ვადა შეიძლება შემცირდეს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით. საქართველოს პატიმრობის კოდექსის თანახმად, ორსული ქალები და ახალშობილის დედები, ასევე 65 წელს გადაცილებული პატიმრები არ შეიძლება განთავსდნენ სამარტოო საკანში.
შეზღუდვები და პირობები სამარტოო საკანში
სამარტოო საკანში ყოფნისას შესაზლებელია შეიზღუდოს თქვენი კომუნიკაცია მეგობრებთან და ოჯახთან. თუმცა უნდა მოგეცეთ უფლება, დაუკავშირდეთ თქვენს ადვოკატს და სახელმწიფო დაწესებულებებს. თქვენ ასევე უნდა გქონდეთ უფლება, საკანში იქონიოთ რელიგიური და სხვა სახის საკითხავი ლიტერატურა.
სამარტოო საკანში დაცული უნდა იყოს ზოგადი წესები, რომლებიც ეხება საკანში არსებულ ფიზიკურ მდგომარეობას, ჰიგიენის მოთხოვნებს და საკვებს. წაიკითხეთ მეტი პირობების შესახებ.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამარტოო საკანში მოთავსება თავისი მნიშვნელობით და სიმძიმით შესაძლოა გაუთანაბრდეს თავისუფლების აღკვეთას. ამიტომ, დისციპლინური წარმოებისას გარანტირებულად უნდა ისარგებლოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სამარტოო საკანში პროცედურების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
მაგალითი თუ სამარტოო საკანში, საკუთარი თავის დაცვისა და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობის გარეშე მოგათავსებენ, თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
სამარტოო საკანში არასათანადო მოთავსებამ ასევე შეიძლება დაარღვიოს თქვენი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
მაგალითი თუ სამარტოო საკანში უკანონო მოთავსების შედეგად ხელი შეგეშალათ ოჯახის წევრებთან შეხვედრაში ან მეგობრებთან კომუნიკაციაში, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი უფლება ოჯახურ ან პირად ცხოვრებაზე.
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
თუ სამარტოო საკანში მოთავსებამ გამოიწვია თქვენში მძიმე ფსიქიკური ან ფიზიკური ტანჯვა, ამან შეიძლება დაარღვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლება.
თუმცა, იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად ან წამებად, სამარტოო საკანში ყოფნის გავლენა თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე საკმარისად მძიმე უნდა იყოს. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.