ციხეში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას უსაფრთხოების ისეთი ზომა, როგორიცაა ფიზიკური ჩხრეკა. ის შეიძლება ჩატარდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ არ გაქვთ რაიმე უკანონო ნივთი.
მიზეზები
ფიზიკური ჩხრეკა შეიძლება გამოყენებულ იქნას წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობს. ფიზიკური ჩხრეკა, განსაკუთრებით სხეულის სრული ჩხრეკა, არ უნდა ჩატარდეს რუტინულად - კონკრეტული საფუძვლის გარეშე. აქედან გამომდინარე, აკრძალულია რეგულარული ჩხრეკა ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე.
მაგალითი ციხის ადმინისტრაციამ არ უნდა განახორციელოს ყოველკვირეული სრული ჩხრეკა, თუ თქვენს მიმართ არ არსებობს დასაბუთებული არგუმენტი უკანონო ნივთის შესაძლო ფლობის შესახებ.
პირადი ჩხრეკის ჩატარების წესი
ნებისმიერი პირადი ჩხრეკა და განსაკუთრებით იმ ტიპის, რომელიც თქვენს დეტალურ ფიზიკურ ჩხრეკას მოთხოვს უნდა ჩატარდეს თქვენი ღირსების უფლების დაცვით. პირადი ჩხრეკა თქვენივე სქესის წარმომადგენლის მიერ უნდა განხოციელდეს. სრული სხეულის ჩხრეკის შემთხვევაში, ციხის საპირისპირო სქესის თანამშრომლებს დასწრება ეკრძალებათ.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
პირადმა ჩხრეკამ, რომელიც ტარდება აშკარა მიზეზის გარეშე და რომელიც ინვაზიური ან არაადეკვატურია, შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. თუმცა იმისთვის რომ ეს ქმედება ამ სახის უფლების დარღვევად ჩაითვალოს, მან საკმარის ხარისხს უნდა მიაღწიოს.
მაგალითი თუ თქვენ გაურკვეველი მიზეზის გამო ერთხელ გაგჩხრიკეს, მაგრამ თავად პროცესი ჩატარდა სწორად და თქვენი უფლებების ზედმიწევნით დაცვით, ეს შესაძლოა არ შეფასდეს დარღვევად. თუმცა, თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე თვეების განმავლობაში გჩხრეკდნენ ყოველ მეორე დღეს, მაშინაც კი, თუ ჩხრეკა სათანადოდ ტარდებოდა იმავე სქესის ოფიცრის მიერ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თქვენი უფლებების დარღვევას.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ დაწესებულების დირექტორს ან პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. გარდა ამისა, თქვენი უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.