დაწესებულებაში ყოფნისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა თქვენს მიმართ გამოიყენონ ფიზიკური ძალა. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს კანონით არის დაშვებული და მკაცრად აუცილებელი კონკრეტულ სიტუაციაში. ძალის გამოყენების პირობები აღწერილია საქართველოს პატიმრობის კოდექსში.
მიზეზები
თქვენ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, როგორც უსაფრთხოების ზომა, დასაშვებია მაშინ, როცა საჭიროა თქვენი და სხვების უსაფრთხოების დაცვა და არეულობის თავიდან აცილება. ზოგადად, ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც არ არის მკაცრად აუცილებელი, ჩაითვლება არაადამიანურ მოპყრობად. თუნდაც მსუბუქი ფიზიკური ძალის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის უფლებები, თუ ეს ლახავს ადამიანის ღირსებას.
პირობები
არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც უნდა გაითვალისწინოს ციხის პერსონალმა ფიზიკური ძალის გამოყენებისას. ესენია:
- იყო თუ არა რაიმე საფრთხე, რომელიც მოითხოვდა ძალის გამოყენებას?
- იყო თუ არა სხვა, ნაკლებად იძულებითი საშუალებები უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად?
- იყო თუ არა გამოყენებული ძალის ოდენობა შესაბამისი, პროპორციული და კანონით აღწერილი სიტუაციისა და მონაწილე პირისთვის?
- გამოიყენებოდა თუ არა ძალა მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო?
მნიშვნელოვანია ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ან მუქარა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სასჯელი ან იძულების მეთოდი.
პროცედურა და გარანტიები
საქართველოს პატიმრობის კოდექსი ითვალისწინებს ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მკაცრ წესებს. ქალების მიმართ ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ძალის გამოყენებისას ციხის პერსონალმა უნდა გაითვალისწინოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მონაცემები.
გაფრთხილება
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს სავალდებულო გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა. საქართველოს პატიმრობის კოდექსში ჩამოთვლილია განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გაფრთხილების გარეშეც.
ოფიცერი, რომელიც იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, უნდა დარწმუნდეს, რომ მისი გამოყენება საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირებს.
მოხსენება
საქართველოს პატიმრობის კოდექსის თანახმად, ყოველ ჯერზე, როცა ციხის თანამშრომლები თქვენ მიმართ ძალას გამოიყენებენ, ეს ფაქტი უნდა იყოს დოკუმენტირებული და დაუყოვნებლივ ეცნობოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.
სამედიცინო გამოკვლევა
თუ თქვენ მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროთ გამოკვლევა ექიმთან და მიიღოთ საჭირო სამედიცინო დახმარება.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
თუ ძალა გამოიყენეს ამ წესების დარღვევით, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. თუმცა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი ძალის გამოყენების ეფექტი ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საკმარისად მძიმე უნდა იყოს.
მაგალითი თუ მსუბუქად გიბიძგეს, რადგან უარი თქვით სხვა ადგილას გადასვლაზე, დიდი ალბათობით, ეს თქვენს უფლებებს არ დაარღვევს. თუმცა, თუ თქვენ სასტიკად გცემეს და გემუქრებიან ცეცხლსასროლი იარაღით და ამ ხერხით გაიძულებენ სხვა ადგილას გადასვლას, ასეთ დროს თქვენი უფლება დაირღვევა.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
სიცოცხლის უფლება
როდესაც პატიმარი მის წინააღმდეგ არასათანადო ძალის გამოყენებისას გარდაიცვლება, შედეგად, დაირღვევა მისი სიცოცხლის უფლება. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.
როგორ იჩივლოთ
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ციხის თანამშრომლებმა დაარღვიეს, უნდა მიმართოთ ციხის უფროსს. თუ ფიქრობთ, რომ ციხის უფროსი იყო ის, ვინც თქვენი უფლება დაარღვია, მიმართეთ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ ფიქრობთ, რომ ციხის თანამშრომლებმა თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინეს ძალის გამოყენებისას, შეგიძლიათ მოითხოვოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება. გარდა ამისა, ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ სახალხო დამცველის ოფისის ცხელ ხაზზე, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.