თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ უსაფრთხოდ და თავს დაცულად გრძნობდეთ ციხეში.

ციხეში თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

  • ციხის თანამშრომლებმა პატივი უნდა სცენ თქვენს უფლებებსა და ღირსებას. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ან დამცირებისთვის
  • ციხის თანამშრომლებმა უნდა დაგიცვან სხვა იმ პატიმრებისგან, რომლებმაც შეიძლება შეგაწუხონ ან ზიანი მოგაყენონ

თქვენ, როგორც პატიმარი, ვალდებული ხართ, ციხის პერსონალის ან ადმინისტრაციის გაფრთხილებით თავიდან აიცილოთ პოტენციური კონფლიქტი.

ციხის თანამშრომლების მოპყრობის სტანდარტები

ციხის თანამშრომლებს აქვთ გარკვეული უფლებამოსილება თქვენზე. ამიტომ მათ უნდა განახორციელონ ის კანონის შესაბამისად და ნეიტრალურად. ეს ნიშნავს, რომ ციხის თანამშრომლებმა პატივი უნდა სცენ თქვენს უფლებებს თავიანთი მოქმედებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხართ და რა დანაშაული გაქვთ ჩადენილი.

ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გადამეტებული ძალის გამოყენება, აღიარებით ჩვენების მისაცემად დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი მოპყრობა. ასეთი მოპყრობა შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ ან სიტყვიერ შევიწროებას და დამცირებას, მაგალითად, დამამცირებელი სიტყვის გამოყენებას, თქვენი უფლებების უარყოფას, სხეულის არასაჭირო ჩხრეკას ან დასჯის მეთოდებს, რომლებიც დაუშვებელია კანონით და აკრძალულია ადამიანის უფლებებით.

გამონაკლისები

არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თქვენს მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას პასუხისმგებლობის ზომები, ან უსაფრთხოების მიზნებისთვის - ლეგიტიმური და ადეკვატური ძალა. მაგალითად, როდესაც დაირღვა ციხის შინაგანაწესი ან პატიმარი საფრთხეს უქმნის სხვებს ან საკუთარ თავს. შეიტყვეთ მეტი ციხის წესრიგისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

სხვა პატიმრებისგან დაცვა

ციხის თანამშრომლებმა უნდა დაგიცვან იმ პატიმრებისგანაც, რომლებმაც შეიძლება შეგაწუხონ, შეგაშინონ ან ზიანი მოგაყენონ. არ შეიძლება თქვენი მათთან ერთსა და იმავე საკანში მოთავსება. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოგათავსონ განცალკევებით. ციხის თანამშრომლებმა ასევე უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო კონფლიქტი თქვენსა და სხვა პატიმრებს შორის. თუ მოხდა კონფლიქტი, ის უნდა იყოს საფუძვლიანად გამოძიებული და ადმინისტრაციამ ყველა ზომა უნდა მიიღოს კონფლიქტების პრევენციისთვის.  

თქვენი, როგორც პატიმრის, მოვალეობა

მხოლოდ ციხის ადმინისტრაცია და პერსონალი არ არის პასუხისმგებელი თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ ვალდებული ხართ, გააფრთხილოთ ციხის პერსონალი, თუ ფიქრობთ, რომ საფრთხე გემუქრებათ ან შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას თქვენსა და სხვა პატიმრებს შორის.

თუ გრძნობთ, რომ ციხის თანამშრომლები გავიწროებენ, შეგიძლიათ მიმართოთ ციხის ადმინისტრაციას. თუ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ან ციხის თანამშრომლებმა თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა მიმართოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

თუ ციხის ადმინისტრაცია ვერ დაგიცავთ და ამით არ შეასრულებს თავის მოვალეობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან თუნდაც სიცოცხლის უფლების ხელყოფა.

თუ ვერ მოახერხეთ კონფლიქტის თავიდან აცილება ციხის ადმინისტრაციის გაფრთხილებით, როდესაც ეს შესაძლებელი იყო, თქვენ ვერ შეძლებთ განაცხადოთ, რომ ციხის თანამშრომლებმა ან ადმინისტრაციამ ვერ დაგიცვათ, მით უმეტეს, თუ მათ არ იცოდნენ ასეთი კონფლიქტის შესახებ. ამ შემთხვევაში ისინი არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელნი თქვენს უსაფრთხოებასა და უფლებების დარღვევაზე.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობისა და თქვენი მოვალეობების შესახებ. ის ასევე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები. ციხის თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ- ციხის უსაფრთხოების შესახებ.

ბოლო განახლებები 09/11/2023