პატიმრებს შორის ყველა კონფლიქტი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ციხის თანამშრომლებს ან ადმინისტრაციას. ციხის პერსონალმა უნდა მოახდინოს რეაგირება თქვენს საჩივარზე, გამოიძიოს შემთხვევა და თავიდან აიცილოს კონფლიქტი მომავალში.

გამოძიების მოვალეობა

გამოძიება უნდა ჩატარდეს საფუძვლიანად, დამოუკიდებლად და ეფექტურად. რაც უფრო მძიმეა კონფლიქტის შედეგები, მით უფრო დეტალური გამოძიებაა საჭირო. გამოძიებაზე პასუხისმგებელი ორგანო შესაძლოა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება შეიძლება დაექვემდებაროს  იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ცალკეულ შემთხვევებში საქმე შეიძლება გადაეცეს სხვა უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს (მაგალითად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს). ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება და გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით.

მაგალითი სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს შესაძლოა ზეპირი მოკვლევა საკმარისი იყოს. თუმცა, ძალადობაში გადაზრდილი ურთიერთშელაპარაკება, რომელსაც ფიზიკური დასახიჩრება ან სხვაგვარი შედეგი მოჰყვა, მოითხოვს სისხლის სამართლის წესით გამოძიებას. ეს პროცესი საჭიროებს მტკიცებულებების შეგროვებას, ამ მიზნით მოწმეების დაკითხვას და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. 

თუ დანაშაულში ბრალი ციხის თანამშრომელს ედება, რომელმაც გაუმართლებელი ძალა გამოიყენა თქვენ მიმართ, გამოძიება უნდა აწარმოოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

მოთხოვნები გამოძიებისთვის

გამოძიება ეფექტური უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ:

  • გამოძიება  უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ (რაც შეიძლება მალე კონფლიქტის შემდეგ)
  • უნდა შეგროვდეს ყველა საჭირო მტკიცებულება (თვითმხილველთა ჩვენებები, სამედიცინო დასკვნა და ა.შ.)
  • გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი - ეს პროცესი არ უნდა წარიმართოს რომელიმე მხარის სასარგებლოს
  • გამოძიების დასასრულს კონფლიქტის ყველა მხარე უნდა გამოვლინდეს და საჭიროების შემთხვევაში დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

არაეფექტურმა გამოძიებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს იმ მოვალეობის დარღვევა, რომელმაც უნდა აღკვეთოს თქვენ მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა.

სიცოცხლის უფლება

ციხეში სიკვდილის ნებისმიერი შემთხვევის არაეფექტურმა გამოძიებამ შეიძლება დაარღვიოს სიცოცხლის უფლება.

როგორ იჩივლოთ

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი. საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. თუ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ შეწყდა (ან არ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო), უნდა მიმართოთ ზემდგომ პროკურორს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023