არსებობს პატიმართა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ სხვებისგან იზოლირებულად. ეს კეთდება იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვინც უფრო დაუცველად ითვლება. ამ ჯგუფებში ყოფნა შეიძლება დამოკიდებული იყოს პიროვნების მახასიათებლებზე, როგორიცაა ასაკი, სქესი ან პიროვნების პირადი გარემოებები, როგორიცაა ჩადენილი დანაშაული, რელიგიური შეხედულებები, ეროვნება, სასჯელის აღსრულების რეჟიმი და ა.შ.
ჯგუფები, რომლებიც უნდა იყვნენ იზოლირებულები
საქართველოს პატიმრობის კოდექსში ჩამოთვლილია პატიმართა ის ჯგუფებს, რომლებიც ყოველთვის უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთისგან იზოლირებულად:
- მამაკაცები და ქალები
- არასრულწლოვანები და მოზარდები
- პირველად მსჯავრდადებული პირები
- პატიმრები, რომელთა პიროვნული მახასიათებლები, ქცევა და წინა კრიმინალური ისტორია შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სხვა პატიმრებზე
- წინასწარ პატიმრობაში მყოფი და მსჯავრდადებული პირები
- გარკვეული დანაშაულის მსხვერპლად აღიარებული პირები, როგორიცაა ტრეფიკინგი
- პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს წარსული სამსახურებრივი საქმიანობის გამო
გამონაკლის შემთხვევებში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, შეიძლება მოხვდეთ პატიმართა სხვა ჯგუფებთან ერთად.
იზოლაციის სხვა მიზეზები
შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც თქვენი პირადი გარემოებების გამო შევიწროების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხე გემუქრებათ. ასეთ სიტუაციებში ციხის ადმინისტრაციამ ნებისმიერ მუქარაზე უნდა მოახდინოს რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, გადაგიყვანოთ სხვა საკანში ან ციხეში.
ასეთი მიზეზების მაგალითები შეიძლება იყოს:
- თქვენი ეროვნება
- თქვენი რელიგია
- კონკრეტული დანაშაული, რომელიც ჩაიდინეთ (განსაკუთრებით, სექსუალური დანაშაული)
- თქვენი კავშირი/თანამშრომლობა ციხის თანამშრომლებთან ან სამართალდამცავ ორგანოებთან
თქვენ ასევე შეიძლება გადაგიყვანონ სხვა ციხეში:
- გათავისუფლების მომზადების მიზნით
- თუ სისტემატურად არღვევთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებებს
- თუ ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიზნებისთვის
- თუ ავად ხართ და საჭიროებთ სპეციფიკურ მკურნალობას, რომელიც მიუწვდომელია იმ ციხეში, სადაც იმყოფებით
- თუ ციხე გადატვირთულია ან გადაყვანა აუცილებელია ციხის ადმინისტრაციული რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გამო
ციხის თანამშრომლების მოვალეობები
თუ ციხის ადმინისტრაციამ არ იცის თქვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები თქვენი პირადი გარემოებების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გააფრთხილოთ ციხის პერსონალი. თუმცა, თუ საფრთხე აშკარაა ან განჭვრეტადია, ციხის ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედოს თქვენს დასაცავად, თქვენი განსაკუთრებული მოთხოვნის გარეშეც.
მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაციას არ შეუძლია თქვენი იზოლირება სხვა პატიმრებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ განსხვავდებით სხვებისგან, თუ ასეთი იზოლაციის რეალური საჭიროება არ არის.
რა შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
თუ თქვენ არ ხართ იზოლირებული სხვა პატიმრებისგან, რომლებმაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნან თქვენს უსაფრთხოებას და ამის გამო ექვემდებარებით ძალადობას, შევიწროებას ან მუდმივ მუქარას, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
თუმცა ყოველი მცირე კონფლიქტი არ ჩაითვლება საფრთხედ.
მაგალითი თუ თქვენ მოგათავსეს საკანში ადამიანთან, რომელიც ბილწსიტყვაობს, დიდი ალბათობით, ეს არ დაარღვევს თქვენს უფლებებს. თუმცა, თუ რამდენიმე თვის განმავლობაში განიცდით სიტყვიერ შევიწროებას და მუქარას თქვენი თანასაკნელებისგან, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია არ რეაგირებს თქვენს საჩივრებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი უფლებების დარღვევა, მაშინაც კი, თუ ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა.
წაიკითხეთ მეტი მსგავსი შემთხვევების შესახებ.
სიცოცხლის უფლება
განსაკუთრებულ სიტუაციებში, იზოლირების მოთხოვნის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხელყოფა.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ იჩივლოთ. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.