შეიტყვეთ მეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების შესახებ:
სიცოცხლის უფლება
სიცოცხლის უფლება ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეგეძლოთ იცხოვროთ ისეთ პირობებში, სადაც თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს უკრძალავს ადამიანის სიცოცხლის თვითნებულ ხელყოფას.
მაგალითი პოლიციამ, როცა ცდილობს თქვენს დაკავებას, არ უნდა სასიკვდილოდ არ უნდა გესროლოთ, როცა ამის ნაცვლად მას შეუძლია თქვენი დაჭერა.
ეს ასევე ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც სათანადოდ და ეფექტურად გამოიძიებს და დასჯის ყველას, ვინც სიცოცხლის უფლებას დაარღვევს.
წამების აკრძალვა
წამების აკრძალვა გულისხმობს, რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც იწვევს ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. ისევე, როგორც სიცოცხლის უფლების შემთხვევაში, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, თავი უნდა შეიკავოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, და მეორე მხრივ, ეფექტურად და სამართლიანად გამოიძიოს წამების ნებისმიერი შემთხვევა.
თავისუფლება
ფიზიკური თავისუფლების უფლება ნიშნავს, რომ თქვენი ფიზიკური თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს უმიზეზოდ. პროცედურები და შემთხვევები, თუ როდის და როგორ შეიძლება ამ უფლების შეზღუდვა, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით.
მაგალითი თუ თქვენ დანაშაულს ჩაიდენთ, შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა მოგესაჯოთ, რადგან ამას ითვალისწინებს კანონი.
სამართლიანი სასამართლო
სამართლიანი სასამართლოს უფლება ნიშნავს, რომ სასამართლოში თქვენ გაქვთ თქვენი საქმის სამართლიანი და ობიექტური განხილვის უფლება. აღნიშნული უფლება გულისხმობს ისეთი პროცედურების გარანტიას, სადაც თქვენ გექნებათ უფლება, სრული თანასწორობის საფუძველზე განიხილონ თქვენი საქმე სასამართლოში, ასევე, წარმოადგინოთ საკუთარი არგუმენტები, ისარგებლოთ ადვოკატის დაცვით და ა.შ.
საკუთრების უფლება
საკუთრების უფლება გულისხმობს თქვენი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ, განავითაროთ, გაყიდოთ, გაანადგუროთ ან თქვენს ქონებას მოეპყროთ ისე, როგორც გსურთ. საჯარო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს თქვენ მიერ ქონების ან საკუთრების გამოყენებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება ძალიან ფართოა და მოიცავს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ, როგორ წარმართავთ თქვენს ოჯახურ ცხოვრებას. ის ასევე მოიცავს თქვენი სახლისა და მიმოწერის ხელშეუხებლობასაც. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი ან სახელმწიფო უსაფრთხოება.
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის და იდეების მოძიების, მიღებისა და გაზიარების უფლებას, შიშისა და ჩარევის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა პიროვნული განვითარებისა და ღირსებისთვის. აღნიშნული უფლება, ისევე როგორც პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ასევე შეიძლება შეიზღუდოს კანონით.