შეიტყვეთ მეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური უფლების შესახებ:

საკვები და წყალი

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოხმარებისთვის უსაფრთხო იქნება საკვები და წყალი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვები და წყალი ყველასთვის უფასო უნდა იყოს. 

მაგალითი კვების სექტორში მომუშავე ბიზნესებისთვის სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინახოს და გაიყიდოს საკვები ისე, რომ არ იყოს დაბინძურებული და საშიში თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ჯანმრთელობის უფლება

ჯანმრთელობის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე არ გულისხმობს ყველას ჯანმრთელად ყოფნას და არც სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველას შესთავაზოს უფასო ჯანდაცვის სერვისები. 

თუმცა მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სერვისები იყოს ხელმისაწვდომი, ყოველგვარი დისკრიმინაციული ნიშნის გარეშე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ გაწეული ჯანდაცვის სერვისები, იქნება ეს საჯარო თუ კერძო, იყოს ხარისხიანი.

განათლება

განათლების უფლება მოიცავს  სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას ეფექტური და ხარისხიანი განათლების სისტემა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოში დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულო და უფასოა. საჯარო საშუალო სკოლაში განათლებაც უფასოა, მაგრამ არა სავალდებულო. საქართველოში განათლების მიღებისა და არჩევის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით.

სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ კერძო განათლება შესთავაზოს მათ, ვისაც სურთ და აქვთ ამის საშუალება. სახელმწიფომ ასევე უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ განათლების შინაარსი იყოს მრავალმხრივი და ორიენტირებული ადამიანის პიროვნების სრულ განვითარებაზე. განათლება ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.

შრომის უფლება

შრომის თავისუფლება გულისხმობს, რომ ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება და უსაფრთხო შრომითი პირობები. სახელმწიფო ვალდებულია,  დააწესოს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა სექტორში უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სამართლიან ხელფასს შესრულებული სამუშაოსთვის და მუშაკთა უფლებას, გაერთიანდნენ პროფკავშირებში. სახელმწიფომ ასევე ყველაფერი უნდა გააკეთოს უმუშევრობის შესამცირებლად.

უფლება სათანადო საცხოვრისზე

სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური და უსაფრთხო საცხოვრებლით. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი  გააკეთოს საიმისოდ, რომ თქვენ შეძლოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შეძენა და დაქირავება, რომ საცხოვრებელი იყოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტების შესაბამისი და რომ არ მოხდეს თქვენი იქიდან უკანონოდ გამოსახლება. თუმცა აღნიშნული უფლება იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მოგაწოდოთ უფასო საცხოვრებელი.

ბოლო განახლებები 12/11/2023