ადამიანის უფლებები საყოველთაოა.
ყველასთვის, ყველგან
ადამიანის უფლებებს საყოველთაო ხასიათი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის თანაბრად ეკუთვნის ყველა ადამიანს და არ წარმოიშობა ეროვნების, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან ქონების გამო. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ უფლებებით სარგებლობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და რომ სხვები არ იმსახურებენ მას. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ზოგიერთი უფლება შეიძლება დროდადრო შეიზღუდოს, მაგრამ ადამიანის უფლებები, როგორც ასეთი, არ შეიძლება ვინმეს წაერთვას.
მაგალითი თუ თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ და ციხეში აღმოჩნდით, თქვენი თავისუფლება შეიზღუდება, რაც კანონით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილია. თუმცა, ციხეში ყოფნისას თქვენი ცემა, წამება და დამამცირებელი მოპყრობა დაუშვებელია.
უფლებების დაბალანსება
ადამიანის ძირითად უფლებათა უმრავლესობა აბსოლუტური არ არის, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ზოგიერთი თქვენი უფლება და თავისუფლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად ან საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა უფლების შეზღუდვის პირობები წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.
მაგალითი თუ დანაშაულს ჩაიდენთ და ვინმეს ავნებთ, ამისთვის სასჯელი თავისუფლების შეზღუდვაა, რაც განსაზღვრულია კანონით.
ადამიანის უფლებებს შორის გამოარჩევენ რამდენიმე აბსოლუტურ უფლებას, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. ასეთებია: წამების აკრძალვა და მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა.
შეზღუდვები
ადამიანის უფლებები არ გულისხმობს იმას, რომ აკეთოთ ის, რაც თქვენ გსურთ. თქვენი თავისუფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი უფლებები და ინტერესები დაბალანსდეს სხვა ადამიანის უფლებებთან.
მაგალითი თქვენ არ შეგიძლიათ ჩაატაროთ არასანქცირებული დემონსტრაცია ქუჩაში და ამით დააბრკოლოთ სხვა ადამიანები სამუშაოსკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ საერთოდ არ შეგიძლიათ აქციის გამართვა ან რომ სხვების გადაადგილების თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ყველა სიტუაციაში ადამიანების ინტერესები უნდა იყოს შეფასებული და დაბალანსებული.