დისკრიმინაცია

ყველა ადამიანს აქვს დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში გვხდება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები, რომლებიც ჩადენილია როგორც საჯარო მოხელეების, ისე კერძო პირების მიერ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და იცოდეთ, როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები.

დისკრიმინაცია ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ პირებს, ყოველგვარი ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე,  რაიმე ნიშნის გამო განსხვავებულად ექცევიან. ყველაზე ხშირად დისკრიმინაცია ხდება სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის,  შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან/და სხვა ნიშნის მიხედვით.

მაგალითი თუ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც ადგენს, რომ პოლიციაში მუშაობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, ეს დისკრიმინაციულია. თუ კანონი ითვალისწინებს თანაბარ მოპყრობას, მაგრამ სახელმწიფო სოციალურ შეღავათებს არ გასცემს მუსლიმებისთვის, ეს კანონიც დისკრიმინაციული იქნება. თუ სამსახურში აიყვანენ ახალგაზრდას, რომელსაც ჰქონდა უკეთესი განათლება და/ან სამუშაო გამოცდილება, ვიდრე მასზე ასაკით უფროსს, ეს არ შეიძლება მივიჩნიოთ დისკრიმინაციად.

დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევებშიც, როდესაც პირებს, რომელთა სიტუაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ერთნაირად ექცევიან.

დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები

დისკრიმინაცია იწვევს ადამიანების გარიყვას და მათი უფლებების დარღვევას.  შესაბამისად, ადამიანის უფლებათა სამართლით დისკრიმინაცია აკრძალულია.  დისკრიმინაციის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. წაიკითხეთ მეტი დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ როგორ შეგიძლიათ მოახდინოთ დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და რა უფლებები გაქვთ ამ შემთხვევაში.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023