გამოხატვის თავისუფლება და მედია

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ნებისმიერი ფორმით გააზიაროს და გაავრცელოს საკუთარი მოსაზრებები, იდეები და ინფორმაცია. ცენზურა აკრძალულია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ლეგიტიმური მიზნით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი უფლებაა. ის იძლევა იდეების, მოსაზრებების და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის საშუალებას და ამით საზოგადოების წევრებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოხატვის თავისუფლება ახალისებს საჯარო დებატებს და მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, ინფორმირებულ მოქალაქეობას და სახელმწიფოს გამჭვირვალე ფუნქციონირებას.

შეზღუდვები

გამოხატვის თავისუფლება ძალიან ფართო ცნებაა, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა შესაძლებელია კონკრეტულ, კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. მაგალითად მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არღვევს მეორე ადამიანის უფლებებს ან მთლიანად საზოგადოების ღირებულებებს. მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს შეუძლია კანონიერად შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ამის მაგალითებია პირადი ცხოვრების დარღვევა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უხამსობა, პორნოგრაფია, საზოგადოებრივი წესრიგი, ეროვნული უსაფრთხოება, საიდუმლო ინფორმაცია, კომერციული საიდუმლოება ან საავტორო უფლებების დარღვევა.

მედია

გამოხატვის თავისუფლება მედიას განსაკუთრებულ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს. მედია ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას საჯარო დებატებისა და რეფლექსიისთვის. მაშასადამე, დამოუკიდებელი მედია და ხარისხიანი ჟურნალისტიკა ითვლება დემოკრატიული საზოგადოების „დარაჯად“.

გზამკვლევის შესახებ

წინამდებარე გზამკვლევი განმარტავს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და  მათი შეზღუდვის კანონიერ საფუძვლებს. იგი ასევე განიხილავს გამოხატვის თავისუფლების მიმართებას პირადი ცხოვრების დაცვასთან, ცილისწამებასა და სიძულვილის ენასთან. გარდა ამისა, გზამკვლევში მოცემულია ინფორმაცია მედიის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. მასში საუბარია, მოქალაქეების უფლებაზე, მიიღონ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან. გზამკვლევი ასევე მოიცავს მითითებას, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები დარღვევის შემთხვევაში.

რესურსები

ბოლო განახლებები 15/11/2023